Jump to content

 

სურათი

საქართველოს უკანასკნელი ბაგრატოვანი მეფე


  • Please log in to reply
გამოხმაურება

#1 varama

varama

    Advanced Member

  • მოდერატორი
  • 594 წერილები:

დაწერილია 11 October 2013 - 04:41 PM

8d543437bbfd.jpg

აქამდე ყველასათვის ცნობილი იყო საქართველოს უკანასკნელი მეფის ვინაობა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ნიკო ჯავახიშვილის მოკვლევით კი, საკმაოდ სენსაციურ დასკვნამდე მივდივართ – უკანასკნელი ბაგრატოვანი მეფე არა გიორგი XII, არამედ მისი შვილიშვილი, გრიგოლ I ყოფილა.
"ჯორჯიან თაიმსი" ესაუბრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ნიკო ჯავახიშვილს.
ნიკო ჯავახიშვილი: რაც შეეხება ამ აღმოჩენას – ქართველი მეცნიერები ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში აღიარებდნენ, რომ საქართველოში ასეთი მეფე ნამდვილად იყო აჯანყების დროს. სხვადასხვა მიზეზების (თუნდაც პოლიტიკური კონიუქტურის) გამო, გაუჭირდათ მათ მოეთხოვათ, რომ ბაგრატიონ მეფეთა ნუსხაში ეს კაცი დაფიქსირებულიყო, როგორც უკანასკნელი მეფე. მისი მეფედ კურთხევა მოხდა 1812 წელს სწორედ მაშინ, როდესაც ქართლ-კახეთშიც და იმერეთშიც, რუსეთის მიერ, უკვე დიდი ხნის გაუქმებული იყო სამეფოები. სწორედ ამის გამო შეიძლება ჩაითვალოს გრიგოლ ბაგრატიონი უკანასკნელ მეფედ. მართალია, 1819-1820 წლებში იმერეთში თავად იოანე აბაშიძის მეფედ გამოცხადება მოხდა, მაგრამ ის არ გახლავთ დინასტია – მას დედა ჰყავდა ბაგრატიონი. მოგეხსენებათ, საქართველოში გვარი დედით არ გადადის, მით უმეტეს სამეფო გვარი!
_ აქამდე ყველასათვის ცნობილი იყო, რომ საქართველოში უკანასკნელი მეფე იყო იმერეთის მეფე სოლომონ II...
 _ ჩვენს ისტორიოგრაფიაში ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფედ მიჩნეულია გიორგი XII, რომელიც 1800 წელს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ვაჟი კი, ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავითი, ქართლ-კახეთს განაგებდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში არა მეფის, არამედ გამგებლის რანგში. იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იმერეთში 1810 წლამდე მეფობდა. ჩვენ მიერ მოძიებული საისტორიო წყაროები და ლიტერატურა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ უკანასკნელი ქართველი მეფე იყო ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიის წარმომადგენელი – გრიგოლ I (1783-1830), რომელიც 1812 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მეფობდა.
_ რა გაძლევთ ამის მტკიცების საფუძველს?
_ შემონახულია ისტორიული წყაროები არა მხოლოდ ქართულ, არამედ რუსულ ენებზეც, სადაც ქართლ-კახეთის აჯანყების დროს, მოხსენიებულია გრიგოლის მეფედ კურთხევა. ალ. ფრონელის წიგნში ორ სხვადასხვა ადგილზე მოხსენიებულია ცნობა, რომლის მიხედვითაც, აჯანყებულებმა "ეროვნული დღესასწაული გამართეს, ბატონიშვილი გრიგოლ მეფედ რომ ამოირჩიეს, რაღაც ორიოდ-სამიოდ კვირის წინად და საცოდავ მეფეს სულის მოთქმა და მობრუნება არ აცალეს... უღალატეს".
 მეორეგან ვკითხულობთ: "ერთი თვით მეფობის გულისთვის თორმეტი თვე პეტრეზავოდის ციხეში ბრძანდებოდა". ასევე, პაულუჩის პატაკში დაცული ცნობის თანახმადაც, გრიგოლი მეფედ აკურთხეს და ეკლესიებში იხსენიებდნენ, როგორც ქართლ-კახეთის კანონიერ გვირგვინოსანს. სავარაუდოდ, გრიგოლმა 1812 წლის 20 თებერვლიდან – 6 მარტამდე იმეფა.
_ კი მაგრამ, შეიძლება, რომ ასე მცირე ხნით კურთხეული გვირგვინოსანი მეფედ მოვიხსენიოთ?
 _ მსოფლიო ისტორიიდან საკმაოდ ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც გაცილებით მცირე ხნით მეფობისათვის, ესა თუ ის პიროვნება მეფედ არის მიჩნეული და მას მიკუთვნებული აქვს თავისი რიგითი ნომერი. ქართველი გვირგვინოსნის – გრიგოლ იოანეს ძის მეფობის მიჩუმათებას სათავე ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში დაედო. მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულთა მიერ გრიგოლის მეფედ გამოცხადების და ეკლესიებში მისი, როგორც ქართლ-კახეთის ხელმწიფის სახელის მოხსენიების შესახებ თვით 1873 წელს დაბეჭდილ წიგნშიც კი არის აღნიშნული.
რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიციის გამომხატველია რუსი სამხედრო ისტორიკოსის, არტილერიის გენერლის, აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის ავტორობით სანკტ-პეტერბურგში გამოცემული წიგნის: "გიორგი XII, საქართველოს უკანასკნელი მეფე და მისი შეერთება რუსეთთან" მხოლოდ დასახელებაც კი. აღნიშნული დასახელებით, უნდოდათ დაემტკიცებინათ, თითქოს ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საბოლოოდ დასრულდა, რაც მართებული არ არის.
ქართველი ისტორიკოსებიდან, 1941 წელს, თამარ ლომოური წერდა: "გრიგოლ, ძე იოანე ბატონიშვილისა... 1812 წ. გამოცხადებულ იქნა აჯანყებული კახელების მიერ მეფედ". ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ უკანასკნელ ქართველ მეფედ ვაღიაროთ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის მებრძოლი გრიგოლ იოანეს ძე, რომელიც კახეთის სახალხო აჯანყების დროს გამეფდა, ქრისტიანულადაც ეკურთხა და ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ პირობებში ტახტი ნახევარი თვის განმავლობაში შეინარჩუნა. ამისთვის ჩვენი სამშობლოს დამპყრობელი ქვეყნის – რუსეთის ხელისუფლებამ იგი სხვა ბატონიშვილთაგან განსხვავებით, მკაცრად დასაჯა.
 _ შეიძლება თუ არა, რომ გრიგოლი ქართლ-კახეთის მეფედ ჩაითვალოს იმ დროს, როდესაც მისი სამეფო ხელისუფლება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა?
 _ საქართველოს ისტორიიდან ცნობილია არაერთი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელთა ძალაუფლებაც თავიანთი სამეფოს ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაგრამ ჩვენს ისტორიოგრაფიაში ისინი მაინც მეფეებად იხსენიებიან.
_ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციები, თუნდაც გრიგოლ I-ის შთამომავლების შესახებ, სად შეიძლება რომ მოვიძიოთ?
_ ვისაც დეტალური ინფორმაციები აინტერესებს, შეუძლიათ ნახონ ნაშრომი "გრიგოლ I-უკანასკნელი ქართველი მეფე", რომლის ავტორიც მე გახლავართ. მასში მითითებულია ყველა წყარო, რომელიც დამეხმარა ზემოთქმული არგუმენტების დამტკიცებაში.
 
 
წყარო:http://www.geotimes....=11221&lang=geo




0 მომხმარებელი კითხულობს თემას

0 მომხმარებელი, 0 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი